მკვლელობისათვის ძებნილს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობისათვის, 34 წლის მამაკაცს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
გამოძიების მტკიცებით, სავარაუდო დამნაშავემ, მასთან ერთად დასაქმებული ცოლ-ქმარი, 20 ათასი აშშ დოლარის გამო მოკლა, მათ არასრულწლოვან შვილზე კი ფიზიკურად იძალადა.
უწყების მტკიცებით, ბრალდებულს ჰქონდა ინფორმაცია თანხის შესახებ და მკვლელობა მისი დაუფლების მიზნით გადაწყვიტა .
მან ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გიორგი ჯიბიაშვილსა და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პროკურატურა, ბრალდებული მამაკაცისათვის აღკვეთი ღონისძიების დაუსწრებლად შეფარდებისათვის, სასამართლოს მიმართავს.
მკვლელობა, სოფელ კონდოლში, 10 თებერვალს, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
გარდაცვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში მცხოვრები ცოლ-ქმარი.
არასრულწლოვან გოგონასთან სახელმწიფო ზრუნვის სამსახური მუშაობს.
საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა და გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.