ხმაური სალხინოს მამათა მონასტრში

ხმაურია კვლავ მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის შესასვლელში,სადაც სასულიერო პირები და მრევლის ნაწილია შუადღიდან შეკრებილი.
ადგილზე მყოფ ბერ-მონაზვნებსა და ადგილობრივებს მონასტრის ეზოში შესვლა სურთ. მათ აღნიშნული თხოვნით პოლიციას წერილობით მიმართეს, თუმცა სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ წერილს გაეცნობიან და პასუხი ამის შემდეგ ეცნობებათ. აღნიშნულ განმარტებას შეკრებილების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
“ხალხის მოთხოვნაა, რომ ეპარქიაში არაკანონიერად გამოგზავნილი ეპისკოპოსი შეგვიცვალონ და გამოგვიგზავნონ კანონიერი. ავაზაკები მოვიდნენ შუა ღამეს გამოგვათრიეს, გაგვლანძღეს, გაგვთათხეს, პანღურები გვირტყეს და გამოგვიშვეს გარეთ და დაგვტოვეს ქუჩაში”,- ამბობს სტეფანეს მიერ დასჯილი ერთ-ერთი სასულიერო პირი მამა დანიელი.
ცნობისთვის, გუშინ 5 ნოემბერს, სალხინოს მონასტერში ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო.
გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
შეგახსენებთ, მეუფე სტეფანემ მის მიერ განკვეთილ ბერებს მონასტრის დასატოვებლად ვადა 4 ნოემბრამდე მისცა. გუშინ კი მისი გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციის ძალით დაიწყო.