მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება
მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში.
აღნიშნულს ამერიკის სშეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში ეხმიანება და მხარეებს ულოცავს.
“ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით – სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი – ამ გარიგების მიღწევის გამო”, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ – 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.