მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს
2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
შაჰრამანიანის ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი”(არცახი).
მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს – ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს. აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ მიმდებარე რაიონზე. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღმა გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“, რომელიც არავის უღიარებია, მათ შორის სომხეთსაც. რეგიონში სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი”.
დოკუმენტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიწვეულია გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს. ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი უკვე 70 000-მდე ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.
„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებოდით საერთაშორისო საზოგადოებას. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაგდასარიანმა დღეს დილით განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე 65 036 ადამიანი ჩავიდა.
დღეს განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანს არავითარი კავშირი არ აქვს ყარაბაღის რეგიონის ადგილობრივი სომხების გადაწყვეტილებასთან, გადავიდნენ სომხეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში და რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მზადაა, მათი რეინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ნუ დატოვებენ საცხოვრებელ ადგილებს ყარაბაღში. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბაქოს განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იცის, რომ სომეხი მოსახლეობის გამგზავრება ყარაბაღის რეგიონიდან წარმოადგენს მათ პირად გადაწყვეტილებას და არაფერი აქვს საერთო ძალადობრივ გადასახლებასთან.
„ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ნაწილს თუ არ სურს აზერბაიჯანში ცხოვრება და აზერბაიჯანის კანონებისადმი დამორჩილება, ჩვენ ვერ ვაიძულებთ, პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ სომხურ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და გახდენენ აზერბაიჯანის მრავალეროვნული საზოგადოების ნაწილი. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებისთვის სომხეთმა უნდა მოხსნას ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციას და ფოკუსირებული უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებულ დასრულებაზე, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.