თბილისში კოკისპირულმა წვიმამ რამდენიმე შენობა და გზა დააზიანა

კოკისპირულმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სარდაფები.ადიდებულია მდინარე მტკვარიც. 

ძლიერი წვიმის გამო, საცობები წარმოიქმნა თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით.დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები და იქ განთავსებული კომერციული ფართები და მაღაზიები.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში ძლიერი წვიმის შედეგად კი ჭერი ჩამოინგრა. კოსტავას გამზირზე N47-ში კაზინო “ევროპის” კედელი ჩამოინგრა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში და სარდაფებში წყალი შევარდა.

ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მაშველებმა უზნაძეს ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან და მუშაობას აგრძელებენ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალაში გამოყენებულია ჯანო ჟვანიას ფოტო, რომელიც ყაზბეგის (პავლოვის) ქუჩაზეა გადაღებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button