მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის სრულად აღებაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის სრულად აღებაზე.
“დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრესიულ ომს აგრძელებს. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად აღების მცდელობებზე.
გარდა ამისა, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას. კერძოდ, ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კრემენაიას, დიბროვას, ვერხნეკამენსკოესა და სპირნსეს დასახლებებში”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რჩება. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამცველებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უკრაინის არმიამ თავდასხმები მოიგერია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე.
გარდა ამისა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს.
“რუსების აქტივობა, შეიძლება მიუთითებდეს უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმის საფრთხეზე. ახლა მტერი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის ახალ ტაქტიკას ეძებს, რადგან მასიურ დარტყმებს მათთვის სასურველი შედეგი არ ჰქონია”, – თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
17-18 მარტს ღამით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დიდ ქალაქებში ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. მტრის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. თუმცა, ორი დრონი ნოვომოსკოვსკში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეჯახა.
უკრაინის ცნობით, რუსეთმა ბოლო მასიური დარტყმა 9 მარტს განახორციელა, როდესაც მტერმა უკრაინას 81 რაკეტა ესროლა, მათგან 20 საზღვაო კალიბრის ტიპის რაკეტა იყო.