მნიშვნელოვანისაქართველო

“მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს”

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას განაჩენს მწერლები, მთარგმნელები პოეტები და გამომცემლები სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ გიორგანაშვილის მსგავსად, საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს მიუსაჯა 8 წელი.

მწერლების განცხადებაში ვკითხულობთ:

“ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ, ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა, ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია.

ჩვენ გვახსოვს, ძალოვნების აბსტრაქტული მუნდირის შებილწვის გამო ნარკოტიკი როგორ ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“ წევრებს და ახალგაზრდა ბიჭები 20-წლიანი ციხისთვის გაამეტებინეს ამორალურ მოსამართლეს.
ჩვენ გვახსოვს, რომ ძალოვნებმა და მოსამართლეებმა მომავალი გაუუქმეს ახალგაზრდებს და რომ არა სახალხო პროტესტი, 20 წელს სინდისის შეუწუხებლად მოახდევინებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანებს.

ჩვენ გვახსოვს, სისტემამ როგორ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“, მაგრამ დღემდე ერთი კაციც არ დასჯილა.

ჩვენ გვახსოვს, რომ გუშინ, 23 იანვარს, სისტემამ ნარკოტიკი ისევ ჩაუდო უდანაშაულო, კანონმორჩილ ადამიანს და მას მომავალი გაუუქმა.

ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და ”უროთი დაანგრიოს“ მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა”- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button