მცირე ბიზნესი თელავში გაკოტრების ზღვარზეა

თელავში ტანსაცმლის მაღაზიებს მყიდველი აღარ ჰყავთ,მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მძიმე ჩავარდნაზე საუბრობენ. კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თელავში ტანსაცმლით მოვაჭრეებს, საქონლის რეალიზაცია მინმუმამდე შეუმცირდათ. ისინი რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ გაყიდვები იმდენად შემცირებულია, ზოგჯერ ფართის ქირავნობის თანხა არ გროვდება.
” თითქმის ექვსი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ავად თუ კარგად, ოჯახში რაღაც შემქონდა. ნახევარი დღის განმავლობაში ერთი მყიდველი შემოვიდა მხოლოდ. ჩემს გვერდით, ფარდებს ყიდიან, კაციშვილი არ შედის. ხალხი საჭმელსღა ყიდულობს, რომ თავი გაიტანოს, უმძიმეს ვითარებაში ვართ”- განაცხადა ერთ- ერთმა მოვაჭრემ, სვეტა დალაქიშვილმა.
ტანსაცმლის მაღაზიის ზოგიერთმა მფლობელმა, ბიზნესის დახურვისა და ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
” ვზივარ და გერმანულს ვსწავლობ. ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მაქვს მიღებული. პანდემიაა, მაგრამ მეტი გამოსავალი არ მაქვს. როცა ვნახავ, რომ მცირე საუბარი და კომუნიკაცია შემიძლია, დავკეტავ მაღაზიას და წავალ. ხან ბანკის ვალი მტანჯავს და ხან სხვა პრობლემები, რომლებსაც გადაწყვეტას ვერ ვუძებნი”- თქვა რადიო ჰერეთთან, ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელმა, მაკა არევაძენ.
კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ტანსაცმლის მაღაზიები და ბაზრობები რამდენჯერმე დაიკეტა. ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 35%- ით გაძვირდა საკვები პროდუქტები, მინიმუმამდე შემცირდა სამუშაო ადგილები და შემოსავლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი.
მძიმე ეკონომიკურმა ვარდნამ მცირე ბიზნესი და მათ შორის, ტანსაცმლის რეალიზაციით დაკავებული ადამიანები გაკოტრებამდე მიიყვანა.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი