მუხთარლის საქმეზე გამოკითხვის მესამე მცდელობაა : გოგაშვილთან გამომძიებლები მივიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დღეს გამომძიებლები გამოკითხავენ.
საქმე ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს. გოგაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტი თბილისიდან “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კვალის დასაფარად კი კამერების ჩანაწერები წაშალეს.
გოგაშვილის საქმის პროკურორის თქმით, ეს არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გამოკითხვის მესამე მცდელობა, რადგან წინა ორ შემთხვევაში მან გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.
“ეს საქმე მიმდინარე გამოძიება არის, იმიტომ რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მაშინვე, როდესაც საზოგადოებისთვის და მათ შორის სამართალდამცავებისთვის ეს ფაქტი გახდა ცნობილი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მესამე მცდელობა იოსებ გოგაშვილის გამოკითხვისა ამ საქმესთან დაკავშირებით. წინა ორ შემთხვევაში მის პოზიცია იყო, რომ იმ ეტაპზე თავი შეიკავა, იმედია ითანამშრომლებს” – ამბობს მიხეილ სადრაძე.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.