მურმანის ეკალი – ლია კამლაძის ბლოგი
ბავშვობის მეგობარი გამითხოვდა…38-წლის ასაკში… არც მოუტაციათ და არც გაპარულა…
წესის და რიგის მიხედვით გათხოვდა, თუმცა ნიშნობის გარეშე,- პირდაპირ ქორწილით.
მეჯვარე ვარ…მივგრიალდით, მანქანების გაბმული საყვირების თანხლებით ზესტაფონში, სიძის მშობლების ოჯახში… პატარძალი ნერვიულობს (სადედამთილო-სამამთილო სარძლოს არ იცნობს)…
მე რა მენაღვლება, გავაღე კარები და კაბის ფრიალით გადმოვხტი მანქანიდან (კაბა მოკლეა და გამჭვირვალე)…
,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”, გახსოვთ, ალბათ…ისე შეშინებულებმა გადახედეს სიძის მშობლებმა ერთმანეთს…გადავრჩით,- სარძლო მოეწონათ…დიდი აურზაურის, ცეკვა-თამაშის და ქართული სუფრის ყველა კომპონენტის თანხლებით, როგორც იქნა ქორწილის პირველი დღე დასრულდა (ახალი ტუფლები მაცვია და ისე გამაწამა, ერთი სული მაქვს, გავიხადო …).
ამ დროს ჩემი მეგობარი პატარძალი მეუბნება, რომ წესია და ამაღამ მე და ის ერთად ვწვებით…
ისეთი დაღლილი ვარ, კითხვების თავი არ მაქვს…დაწოლით კი დავწექით, მაგრამ ვინ დაგაძინა?!…ყოველ ხუთ წუთში აკაკუნებს და შემორბის სიძე…ხან რა აინტერესებს, ხან რა (მე კი ვიცი, მაგრამ…). დარჭობილი ვარ მურმანის ეკალივით…
ბოლოს მივხვდი, რომ არავინ დამაძინებდა და აქეთ-იქით სირბილს, სიძეც ჩვენს ოთახში დავტოვეთ და ვსაუბრობთ…(უფრო ისინი, შეყვარებულები…).
ჩემი მეგობარი გაცნობის დღეს იხსენებს, როგორ აუჩქარდა გული, მოეკვეთა ფეხი და…
უცებ, ეუბნება სიძეს ,,იცი, ჯერ მამაკაცისთვის არ მიკოცნია”…(შეგახსენებთ, პატარძალი 38 წლის არის)…
მე საწოლში შევხტი, სიძე-სავარძელში და…სიცილი აუვარდა…
,,რატო, ავადმყოფი ხარ?”…ვაიმეეე….იქ ამბავი ატყდა?!….პატარძალი ხმამაღლა ბღავის, წივის…(სიძემ თავს უშველა)…,,ახლავე ადექი, აქედან მივდივართ”-ო (რა გინდა უთხრა გადარეულ ქალს?!)…ისეთი სცენაა…
ისევ იმ საპატარძლო კაბაში ეკვეხება, თან ჩქარა, ჩქარაო-მე მიყვირის (მე, მოკლე შორტებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით…)
სად წამსვლელები ვართ ამ შუაღამეს, მაგრამ პრინციპი… ,,უსინდისო, პატიოსანი ქალი არავის უნდა” – რა ვუპასუხო, არ ვიცი…
ამ დროს, კარები ფრთხილად იღება და უზარმაზარი თაიგული შემოდის (ისეთი ლამაზია, ისეთი…), უცებ ძირს ეცემა (ჩემი მეგობრის ფეხებთან) და სიძე მხოლოდ ერთი ვარდით, თავდახრილი…ეკალი საჭირო აღარ არის და ასე ნახევრადჩაცმული გარეთ გავდივარ…
არაჩვეულებრივი ღამეა, ციდან ვარსკვლავები თვალს მიკრავენ…ჩემს ზურგს უკან, სიყვარულის ხანძარი ბობოქრობს და ვფიქრობ ,,ცხოვრება მშვენიერია”…..