მუსლიმი სულიერი მოძღვრები სუს-ში დაიბარეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/mirtagi.jpg)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.
“მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია “მთავარში” მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა “ჩვენ-სხვები” სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: “მაშინ, ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ, პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა”. მირტაგის განმარტებით, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.
EMC მირტაგ ასადოვს და სხვა პირებს საადვოკატო დახმარებას უწევს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.