კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მუთოშვილის დედასთან გარიგებას უარყოფენ “ქართულ ოცნებაში”

“ქართული ოცნების” შტაბში, შმაგი მუთოშვილის საქმესთან კავშირს და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ, წინასაარჩევნოდ, ოჯახისგან ხმების მოთხოვნას, კატეგორიულად უარყოფენ.

ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი, პლატონ კალმახელიძე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, მსგავსი მიდგომები არ გამოყენებულა.

“კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მაჟორიტარული ან პროპორციული წესით ხმების მისაღებად, ასეთი მეთოდის გამოყენება მომხდარიყო. ჩვენ ვმონაწილეობდით, კონკურენტულ თავისუფალ არჩევნებში,  გაკეთებული საქმეების იმედად, ამიტომ მსგავს მოთხოვნას ვინმესთან, საერთოდ გამოვრიცხავ” – განაცხადა კალმახელიძემ.

მუთოშვილის საქმესთან კავშირი არ დაადასტურეს, ქართული ოცნების ახმეტის შტაბშიც.

შტაბის ხელმძღვანელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი, მუთოშვილებთან ყველანაირ კომუნიკაციას უარყოფს.

“პირველად მესმის მსგავსი რამ. ამ ოჯახს არასოდეს შევხვედრივარ, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ. ჩვენ ისედაც დამაჯერებლად ვიგებდით არჩევნებს, ასეთი მეთოდების გამოყენება არც საჭირო იყო და არც მივმართავთ არასოდეს ” – განაცხადა ქარუმაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 13 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, გვარებს შორის დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის დედამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ, ხმების სანაცვლოდ, ხელისუფლება, ოჯახს, მისი მეორე ვაჟის, ბრალდებულ, შმაგი მუთოშვილის განთავისუფლებას დაპირდა.

განცხადება თამარ მუთოშვილმა, თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში გააკეთა, სადაც შმაგი მუთოშვილის წინასასამართლო სხდომა, მეორედ გადაიდო.

გამოძიება, შმაგი მუთოშვილს, სოფელ დუისში მცხოვრები მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას და ორი პირის მკვლელობის მცდელობას ედავება.

მურად ქავთარაშვილი, შმაგი მუთოშვილის ძმის, 29 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან, გვარებს შორის დაპირისპირების დროს მოკლული, ვისური მუთოშვილის საქმის ერთ- ერთი ფიგურანტია.

შმაგი მუთოშვილი, სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს დააკავეს. მის დაპატიმრებას, ოჯახი, მაშინვე ქავთარაშვილების გვართან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებდა.

პანკისის ხეობაში, შმაგი მუთოშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, საოროტესტო აქციაც ჩაატარეს.

მუთოშვილის საქმეზე გამოძიება , სისხლის სამართლის კოდექსის, 19, 109- ე და 236- ე მუხლებით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას, ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button