მნიშვნელოვანისიახლეები

,,მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა,, ჟურნალისტის უსამართლო პატიმრობის 100 დღე-მეხუთე პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

“100 დღე გავიდა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. ის გახდა პრესის თავისუფლების სიმბოლო რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი დევნის ფონზე,” — წერს პრეზიდენტი X-ზე, ჰეშთეგით #FreeMziaAmaghlobeli.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება ფაქტს, როცა მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) კვლავ გამოხატავს სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას.

„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან.

მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის, მზია, ბრძოლას აგრძელებენ“, – წერია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნას.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რაც ნიშნავს, რომ მან გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, არსებობს „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, მიიმალოს.

მზია ამაღლობელია ერთ-ერთია იმ 50-მდე ადამიანს შორის, რომელიც პოლიციამ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად დააკავა. 2024 წლის 28 ნოემბერს შემდეგ პოლიციამ იძალადა ათობით დემონსტრანტზე – თუმცა ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი დაკავებული არ არის.

ჟურნალისტი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს – მისი თქმით, მას დაკავების შემდეგ სახეში შეაფურთხეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button