მზია ამაღლობელის მდგომარეობას ექიმები შეამოწმებენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/2025-01-15_17-49-34_906753-780x470.jpg)
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. სწორედ აღნიშნული ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.
„6 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა.
ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით: ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები, გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია, ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია.
ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 26-ე დღეა, შიმშილობს.