მნიშვნელოვანისიახლეები

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აპრილს ჩაინიშნა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 14 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.

სხდომას ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც.

დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. მან ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს პირადად დააკავა მზია ამაღლობელი. ასევე, გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეადგინა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს.

არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროცესზე პერიოდულად ისმოდა მოსამართლის, პროკურორებისა და მოწმეების მიმართ რეპლიკები. პარალელურად სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შეძახილებით: “თავისუფლება მზიას”.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button