მნიშვნელოვანისიახლეები

მზია ამაღლობელს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა

პროკურატურა “ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

“გვაცნობეს სასამართლოდან, რომ პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მე გადავხედე დოკუმენტს, სადაც წერია შაბლონურად, თუ რატომ სჭირდებათ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება, რომ შეიძლება მიიმალოს, ან რაღაც გავლენა მოახდინოს ვიღაც პირებზე. დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც მოაწყო ეს ე.წ. ანგარიშსწორება” განაცხადა ეთერ თურაძემ
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.– მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ამასთან როგორც მედიას ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
12 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

წარმომადგენლის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯაბა ქამაძის თქმით, ამაღლობელმა უფლებების დარღვევის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მზია ამაღლობელთან ერთად დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის ადვოკატის თქმით, მურვანიძე აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.

“ბათუმელების” ცნობით, მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

“გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, “ვინ იღებს”. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ “ბათუმელებიდან” იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი”, – წერს გამოცემა.

მათი განცხადებით, ამის შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ “ბათუმელების” თანამშრომელს. თავად დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, ვინ არის “ბათუმელების” ოპერატორი.

“გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც. ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ”, – წერს “ბათუმელები”.

გურამ მურვანიძე ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

“ბათუმელების” განცხადებით, გურამ მურვანიძე მათი მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

ბათუმელების თანახმად, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.
მზია ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button