მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობის 10% აქვს დარჩენილი, ხოლო მეორეში 0,04%

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელს დაკავებამდე მხედველობის პრობლემა ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა.
როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეში მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა დევს, თუმცა მოსამართლემ არც აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა.
„მხედველობასთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის. ვისაც აინტერესებს, არის საქმის მასალებში. პირველი დღიდან მზიას მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს, დაკავებამდეც ჰქონდა. დაკავების მერე მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა. საქმეში არაერთი კვლევა დევს“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, სამედიცინო დასკვნით, მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობის 10% აქვს დარჩენილი, ხოლო მეორეში 0,04%.
„თვალზე ჩატარებული ბოლო კვლევით, ერთ თვალში დაახლოებით 10% აქვს მხედველობა, ხოლო მეორე თვალში 0,04%-ია მხედველობა. თუ,მანამდე 30% ჰქონდა და შანსი ჰქონდა, სათვალით გაზრდილიყო მისი მხედველობა 90%- ზე, ახლა იმ თვალში მხედველობა დაკლებულია. სათვალით შანსი აქვს, ერთ თვალში გაზარდოს 40%-მდე, მაგრამ მეორე თვალის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
მისი თქმით, დღეს სასამართლომ ისევ დატოვა „მზია ამაღლობელი ტყვეობაში“.
„შეურაცხმყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა. სჯობს სასამართლომ თქვას, რომ ფორმალურად ამ პროცესს არ განვახორციელებო, იმ მასშტაბის ფორმალობაა. მე თუ მკითხავთ, სამართლებრივად დაცინვა. ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს: „მე არ ვითხოვ გულმოწყალებას, მოიქეცით ისე, როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო“. სამწუხაროდ, მხოლოდ სინდისის იმედად რომ ვერ ვართ ჩვენს მართლმსაჯულებაში, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე პატიმრობას იყენებენ, რაც მაია მწარიაშვილის თქმით, „სამართლებრივად უდიდესი შეცდომა არის“.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელს პატიმრობაში ყოფნისას მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა.
იგი წერს, რომ ამაღლობელს დაკავებამდეც აღენიშნებოდა მხედველობის პრობლემები, ხოლო ციხეში ყოფნის პერიოდში “მას ერთ თვალზე მხოლოდ 30%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0”.
“საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე – მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას ერთ თვალზე მხოლოდ 30%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0. თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, დოკუმენტურად მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო სამედიცინო ჩარევით, ახლა აღარ!
ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!”, – წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ძალაში დატოვა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორისთვის სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა.
ახალი დანაშაულის ჩადენის არგუმენტით პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა დღევანდელ 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე. დაცვის მხარე მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.
ადვოკატები მზია ამაღლობელს “პოლიტიკური ნიშნით პატიმრად” მიიჩნევენ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
“მოცემულ ეტაპზეც სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახესთან დაკავშირებით მომეტებული საფრთხე, ახალი დანაშაულის, თვისებრივად იმავე დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც ძალაშია. ამ კუთხით რაიმე ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება, მათ შორის, როდესაც დაცვის მხარე საუბრობს გაყალბებულ ოქმზე, მხოლოდ და მხოლოდ განმარტებებია და რაიმე ფორმით მტკიცებულებად, დადასტურებად, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობა მისცემდა წარმოდგენილი არ გახლავთ. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს და უნდა დარჩეს ძალაში, აღნიშნული ცალკე არ საჩივრდება”, – თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
მანამდე მოსამართლეს სიტყვით მიმართა მზია ამაღლობელმა და უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას სამართლიანობის და სინდისის კარნახით იმოქმედოს.
“სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა ფიქრიც კი მიჭირს. იმიტომ რომ, ყოველ დღე ზუსტად იმ მოტივით რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ – პატიმრობაში ვარ პოლიტიკური მოტივით, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს, ჩემი სოლიდარობა, მართლაც, ამ სინდისის პატიმრებს. მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს ისე მოიქეცით, სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ, მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ კი არა, რომ დღეს ასეთი პოლიტიკურ ასეთი ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ, მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ”, – თქვა მზია ამაღლობელმა
“კი ბატონო”, – უპასუხა მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში პროტესტისა და მზია ამაღლობელის გამამხნევებელი შეძახილები მოჰყვა.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალზე სხდომა მიმდინარეობდა, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა, კერძოდ მხედველობა პატიმრობაში გაუარესებულია.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.