მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშკარაა, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი-“ოცნების” თავდასხმა გერმანელ დიპლომატზე

ხელახალი ფრონტი საქართველოსკენ შემოტრიალებული დასავლეთის წინააღმდეგ და ტრადიციული შერაცხმყოფელი მესიჯებით დაწყებული კამპანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ მის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე. „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს” – ანალენა ბერბოკის ვიზიტის წინასწარ გაცხადებული სლოგანი უკვე პირდაპირ მეტყველებს, თუ რაზე აპირებს საუბარს გერმანიის პირველი დიპლომატი საქართველოში. მითუმეტეს, რომ ის თბილისში ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩამოდის.

“ქართული ოცნება” კი გერმანელ დიპლომატს სრულიად არადიპლომატიური უხეშობით ხვდება. “ბერბოკი რეალობას არის აცდენილი” – ეს არის კახა კალაძის სიტყვები, რომლებითაც მან საგარეო მინისტრის საკმაოდ მკაცრ შეფასებებს უპასუხა. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კვლავ არ აპირებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის გათვალისწინებას და რეკომენდაციებს – ანტიევროპული განცხადებებით პასუხობს.

თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა.

„არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა”,-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ანალენა ბერბოკის განცხადებას “არასწორს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ ხელისუფლების შექმნილია კონსტიტუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უმთავრესია.

საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალენა ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ “საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს” ხედავენ.

“არასწორი განცხადებაა-თქო ვამბობ იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი არის სწორედაც ორიენტირებული ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზითაა მოსული და ამ ხელისუფლების მიერაა შექმნილი ის კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ სწორედაც, ეს მიმართულებაა მთავარი”- ამბობს ვოლსკი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასე უპასუხა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს, შეეფასებინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება – მინისტრმა თქვა, რომ “არის მცდელობა, საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს”.

“მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი. აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button