ნახევარი მილიონი მოქალაქე სავარაუდოდ სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – ნახევარი მილიონი მოქალაქე სავარაუდოდ, სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება.
საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ხარჯების ოპტიმიზაცია შედარებით მაღალ შემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება.
“რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს. საყოველთაოში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს საყოველთაო დაზღვევას და კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან. როდესაც ისინი პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გადაუდებელი შემთხვევა უნდა გაუშვან საყოველთაოში და დანარჩენს დააფინანსებენ. ეს გამიჯვნა აუცილებლად მოხდება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.
განმარტებები გააკეთა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საყოველთაო დაზღვევა კატეგორიებად დაიყოფა და ის შეძლებულ ფენას არ შეეხება.
“მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.