ნაყოფია, კბილაშვილი, გაჩეჩილაძე – ახალი ქართული გვარები ე.წ. პანამურ დოკუმენტებში

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა ე.წ. პანამური დოკუმენტების ბაზა გაასაჯაროვა.
სიაში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული 214 ათასი კომპანია შედის. გასაჯაროებულ დოკუმენტებში საქართველოს სულ მცირე 85 მოქალაქის სახელი ფიგურირებს. ბიძინა ივანიშვილისა და დავით კეზერაშვილის გარდა, პანამურ დოკუმენტებში მოხვედრილ ქართველებს შორის კობა ნაყოფია, არჩილ კბილაშვილი, კახა ბენდუქიძე, ზაზა ოქუაშვილი, რევაზ შარანგია, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, კახა დამენია არიან. მათი ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილი კი – მფლობელების წარმომადგენელია.
დოკუმენტები პანამურ იურიდიულ კომპანიას Mossack Fonseca-ს ეკუთვნოდა. პანამური ფირმა კანონდარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.
11,5 მილიონი დოკუმენტი თავდაპირველად დაახლოებით ერთი წლის წინ გერმანულმა გამოცემა Suedduetsche Zeitung-მა “ჯონ დოუს” ფსევდონიმით ცნობილი პირისგან მიიღო.
გამოცემამ ფაილები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის დამუშავებაში ათასობით ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათი მუშაობის პირველი შედეგები აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა. პანამური დოკუმენტების გასაჯაროებას რამდენიმე ხმაურიანი გადადგომა მოჰყვა, კერძოდ თანამდებობები დატოვეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა და ესპანეთის მრეწველობის მინისტრა. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ ქემერონის გადადგომის მოთხოვნით.
სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო ევროპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შეიქმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეისწავლის.