“ნახულობაზე” – ლია კამლაძის ბლოგი
ტრანსპორტში ქალბატონი თვალმოუშორებლად და გამომცდელად მიყურებს…არადა, ჩემთვის, წესიერად ვზივარ და ზედმეტად თავსაც არ ვაბრუნებ. ვერ ვხვდები რა უნდა, გავხედავ – ამარიდებს თვალს, მოვიხედავ – მზერა კეფას მიწვავს….როგორც ამბობენ, ,,მხედველობითი მეხსიერება” მაქვს და ადამიანებს ადვილად ვიმახსოვრებ.
გადავავლე თვალი ნაცნობების და მეზობლების გალერეას…ისეთი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით, არც ცხადში მომხდარს და არც სიზმარში ნანახს.
გადაბმულად სამი დღეც არ ყოფილა, ერთმანეთი არ გვენახა, მით უფრო, რომ ერთად ვმუშაობდით. არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, მის გვერდით სრული კომფორტი მქონდა, არაფრით მაწყენინებდა და მატკენდა, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო ჩემთვის, ზოგჯერ უხერხულად ვგრძნობდი თავს, მერე დავაკვირდი, რომ ყველას მიმართ ასე იყო (ყველას რა, ვინც უყვარდა, იმათ მიმართ).
სახლში, ნამდვილი კონკია იყო, ყველაფერს ეს აკეთებდა, დის, ძმის, დედის, მამის, მეზობლის, ახლობლის, ყველას მოსამსახურე იყო…
რატომღაც თავისი გარეგნობის მიმართ კომპლექსი ჰქონდა, ერთადერთი, დაბალი იყო (მგონი, 1.55სმ), ცოტა სიმსუქნისკენ მიდრეკილი, სხვა არაფერი, ლამაზი სახე…პატარა მწყერს ჰგავდა.
ფიქრობდა, რომ მისი ხვედრი სწორედ ეს იყო (მარტოობა და სხვების სამსახური) და როცა ოჯახის ახლობელმა (ძმის ნათლიამ), ბიჭის გაცნობა შესთავაზა, უფლის წყალობად ჩათვალა.
მე, რასაკვირველია, მის მხარეზე ვარ (არაერთხელ გამოვხატე აღშფოთება ოჯახში მისი ექსპლუატაციის გამო), მაგრამ როცა დაიჟინა, ,,ნახულობაზე” შენც წამოდიო, უარი ვუთხარი (ჩემო კარგო, ასეთ დროს, ორი ქალი არ უნდა იყოს, ის კაცი შენზე უნდა იყოს კონცენტრირებული-თქო)…
უარი არ გამივიდა, ჯერ ერთი, ნაკლებად ვინერვიულებ, მერე შენ ჩემზე ილაპარაკებ (კარგს, აბა ცუდს ხომ არ იტყვი), და კიდევ ერთად ვიმღერებთო (ჩვენ, ერთად, მართლა კარგად ვმღეროდით)…
მოკლედ, არგუმენტები შედეგიანი აღმოჩნდა და ,,ნახულობაზე” ორივე წავედით…
ვკვდები ინტერესით, როგორი ბიჭია, ნეტავ? ისე, ასეთ შეხვედრაზე რომ დათანხმდა, მაინცდამაინც ჩემს სიმპათიას არ იწვევს…ნათლიის სიძის ოჯახში სუფრას შლიან, ხინკალი იხარშება (ბიჭი მთიულია და უყვარს)…
,,მოვიდა, მოვიდააა” – ატყდა ყვირილი…ყველანი დერეფანში გავარდნენ.
.ჩვენ ვზივართ, არ ვინძრევით, მარტო თვალები მირბი-მორბის…და…შემოდის დღის გმირი: მაღალი, მსუქანი, პატიოსანი ღიპით, წითელლოყება, დიდი ულვაშებით, როხროხით…
ჩავქრი, მაგრამ მე ვინ რას მეკითხება…ჩემი მეგობარი გაბადრულია, თვალებში შეციცინებს ჯაყოს პროტოტიპს…
აშკარად დამეკარგა სურვილი, მაგრამ მე აქ გარკვეული მისიით ვარ და…ამოვიღე ხმა, ხან ჩემს მეგობარს ვაქებ, ხან ვითომ ვხუმრობ…
ერთი-ორი ჭიქის შემდეგ ,,სასიძომ” აფრები აუშვა, ანეგდოტებს ჰყვება (ზოგს უხამსს…ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ვერ ვიტან მოქილიკე და უზრდელ კაცებს, ცუდ დღეში ვარ)…
,,ჩვენს ბიჭს” სიმღერაც ჰყვარებია ,,ვარდები, ვარდებიიიი….” (სმენა აქვს, ხმა,-ვერ მიჰყვება)…სახეზე თავაზიანი ღიმილი მაქვს მიხატული, რა ვქნა, მეგობრისთვის რას არ აიტან…სასმელი მოეკიდათ და სუფრაც აირია…
ხელების დაბანა გადავწყვიტე და აბაზანისკენ წავედი. დერეფანში ,,სასიძო” წამომეწია და ერთი წუთითო, ენისბორძიკით მეუბნება, ,,დიახ” – ისევ დავიხატე ღიმილი. ,,მე თქვენ მომწონხართ და რას იტყვითო”…
ვიგრძენი კედლები როგორ შექანდა…ლოყებზე ცეცხლი წამეკიდა ,,ჩათვალეთ, რომ არაფერი გითქვამთ”-ისეთი ხმა მაქვს, მე თვითონ შემეშინდა…
სუფრასთან დავბრუნდით, მაგრამ ასე მგონია დანაშაული ჩავიდინე. მეგობარს ვერ ვუყურებ…,,სასიძოს” და, აქამდე, ჩუმად რომ იჯდა და გამადიდებელი შუშით გვიყურებდა, გამოცოცხლდა, გვერდით მომიჯდა და მეჩურჩულება, რომ მის აშოლტილ (???) ძმას, ასეთი კუსპარა არ შეეფერება და რომ მე უნდა ავუხსნა ,,გენაცვალე, ყველამ თავისი შესაფერი მოძებნოსო”…
გაგიჟებას ცოტა მაკლია, მაგრამ ჩემი მეგობარი ისეთი ბედნიერია, წასვლას არც ფიქრობს…გადამთვრალმა ,,სასიძომ” მხარზე გადახვია ხელი და ერთად მღერიან… ყველაფრის მიუხედავად, ისინი დაქორწინდნენ (ვერაფრით გადავარწმუნე, იმ შემთხვევის შესახებ, არასდროს მითქვამს)…
ჰოო…ტრანსპორტში რომ დაჟინებით მიყურებდა, ჩემი მეგობრის მული იყო…(ძლივს გავიხსენე)