კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

ნაკრძალში ტურისტ ქალთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის სასამართლო

ლაგოდეხის ნაკრძალში, გერმანელ ტურისტ ქალთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ლ.ბ-ს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა დახურულ სხდომაზე შეუფარდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ სრულად გაიზიარა საქმის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის არგუმენტები, რომ ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა ან მიმალვა შეუძლია.

ბრალდებულის ლ.ბ-ს ადვოკატი ლევან მამუკელაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის 7.000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიება 27 წლის ახალგაზრდას, საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი ქალის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება.

ტურისტული თავშესაფარი, ლაგოდეხის ნაკრძალი

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 4 სექტემბერს მოხდა. შავი კლდეების ტბასთან, გერმანიიდან ჩამოსული ოჯახი, ღამეს ტურისტების თავშესაფარში ათევდა. ტბის შემოგარენში, ლაგოდეხში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, გამოძიების ვერსიით, ტურისტი ქალი გააუპატიურა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ 5 სექტემბერს დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა.

საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდას 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button