მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 30-მდე საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა 40-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს და არტილერიას.

გენერალური შტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 21 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 17 ადგილის, 2 საყრდენი პუნქტის და 2 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცენტრალურ უკრაინაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსული რაკეტების ნამსხვრევები დაეცა ავტოგასამართ სადგურს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
2 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაიღუპა უკრაინის ქალაქ დნიპროში რომელიც თავის მანქანაში ცოცხლად დაიწვა, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინის უმეტეს ნაწილში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა, გარდა მისი დასავლეთ რეგიონებისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ ფეისბუკზე დაწერა, რომ ყოველდღე ებრძვიან ტერორისტებს, რომლებიც ხოცავენ მშვიდობიან ადამიანებს, ესვრიან ქალაქებს და ანგრევენ უკრაინელების ცხოვრებას. ზელენსკის განცხადებით, ამას არასდროს აპატიებენ და შურისგება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button