პუტინის განცხადებით, რუსეთში მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება
რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 21 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 222 000 ადამიანის მობილიზაცია განხორციელდა.
“ახლა 300 000-დან 222 000 ადამიანია მობილიზებული ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროსგან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდაზე მოთხოვნა არ ყოფილა. პუტინის მტკიცებით, კონტაქტის ხაზი 1 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცების ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ნაწილობრივი მობილიზაცია. ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო აქტივობა დასრულდება,” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია სრულდება და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.
“დამატებით არაფერი იგეგმება. თავდაცვის სამინისტროდან ამ კუთხით არანაირი წინადადება არ ყოფილა შემოთავაზებული და უახლოეს მომავალში ამის საჭიროებას ვერ ვხედავ,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
მისი განმარტებით, კონტაქტის ხაზის სიგრძე ათას კილომეტრს აჭარბებს და მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცებით შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.