მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნარკოდანაშაულის ფაქტზე ძიების დროს კახეთში ბრალდებული გარდაიცვალა

თბილისში ჩადენილ ნარკოდანაშაულს კახეთში იძიებდნენ,ძიების პერიოდში ერთი ბრალდებული გარდაიცვალა, მეორე კი თელავის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრები გიორგი მგალობლიშვილის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლით, ნარკოტიკების შეძენისა და უკანონო გასაღების ფაქტზე, გიორგი მგალობლიშვილსა და იოსებ სევოიანის მიმართ, ორი წლის წინ, 2019 წლის 9 აპრილს დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული თბილისშია მომხდარი. ნარკოტიკული საშუალება ” ბუპრენორფინი” თბილისიდან გურჯაანში, მგალობლიშვილის ქალიშვილმა, ტაქსით ჩაიტანა. პოლიციამ ის გზაში დააკავა. დაკავებულმა განმარტა, რომ მამის მეგობარმა თამბაქო გამოატანა და არ ფლობდა ინფორმაციას, რომ რეალურად ნარკოტიკი გადაჰქონდა.

მგალობლიშვილის ქალიშვილს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში, გამოძიებამ ბრალი არ წაუყენა და არც მისი ბრალდების საქმე გამოყოფილა ცალკე.

თავად გიორგი მგალობლიშვილს, ბრალი შვილის ჩხრეკიდან 21 დღის შემდეგ წაუყენეს.

ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი საქმის გამოძიება, კახეთში დაიწყეს, მაშინ როცა ორივე პირის მიერ განხორციელებული ქმედების გამოძიების ვალდებულება, თბილისის საგამოძიებო ორგანოებს ეკისრებოდათ.

კანონის თანახმად, საქმის ფიგურანტების გამოკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარე ვალდებული იყო, საქმე დაუყოვნებლივ თბილისში გადაეგზავნა, ან გენერალური პროკურატურის შესაბამისი თანამდებობის პირებს, ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის დაექვემდებარებინათ.

სისხლის სამართლის საქმიდან იკვეთება, რომ ყველა მოქმედება, რაც კი ნარკოდანაშაულის ირგვლივ განხორციელდა, არაუფლებამოსილმა პირებმა და ორგანოებმა ჩაატარეს.

გამართლებული პირის ადვოკატი, ნოდარ სარიშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ საქმეში არსებული გარემოებებით, მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა იყო.

” საქმეში არის მთელი რიგი საკითხები, რასაც მოსამართლე დაეყრდნო, როცა გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩვენ მაინც დაველოდებით, რომ საქმემ სხვა ინსტანციები მოიაროს, რადგან შესაძლოა , ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივროს. მეორე ბრალდებული, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და საქმის დასრულებას ვერ მოესწრო”- განაცხადა სარიშვილმა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირის გამართლებაზე, პროკურატურაში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა, რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ ბრალდების მხარე, განაჩენს უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

მეორე ბრალდებული, თბილისში მცხოვრები იოსებ სევოიანი, განაჩენის გამოტანამდე, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და პროკურატურამ მის მიმართ ბრალდებაზე უარი თქვა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს ბრალდებული პირის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

რამდენიმე თვის წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ- ერთი ფიგურანტი, ომარ გამყრელიძე გარდაიცვალა, თუმცა პროკურატურას მის მიმართ წაყენებულ ბრალზე უარი ჯერ არ უთქვამს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button