ნარკოდანაშაულში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი, სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
მეორე ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ნარკოტიკების არერთგზის შეძენა- შენახვაში ბრალდებული, უჩა ზურაბაშვილი უდანაშაულოდ იყო ცნობილი.
ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმე, თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა და ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეტადონის პროგრამით სარგებლობს. ის 2019 წელს, თელავში დააკავეს და მეტადონი აღმოუჩინეს. ჩვენ გვყავს მოწმეებიც, რომლებიც სასამართლოს წარვუდგინეთ და მათ ზურაბაშვილის უდანაშაულობა დაადასტურეს.ორი წელი ვიბრძოდით და სიმართლე დავამტკიცეთ. ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი”- განაცხადა ზურაბაშვილმა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, მეტადონის პროგრამით მოსარგებლე, სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლით ბრალდებული პირის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი, 6 თვის წინ, 2021 წლის მარტში გამოიტანა.
ბრალდების მხარემ, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ზურაბაშვილი, მეტადონის პროგრამით დღემდე სარგებლობს.