მნიშვნელოვანისიახლეები

“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”-აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაიწყო აქცია გზავნილით „არა რუსულ ფრენებს“. აქცია მეორე დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„არა რუსულ ფრენებს“, „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, – სკანდირებენ პარლამენტის წინ შეკრებილნი.

„ჩვენი გზაა განვითარება, ევროპა და არა ჩამყაყებული იმპერია, რომელსაც ჩვენი ხელში ჩაგდება უნდა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ შეწყდეს და ასევე სამოქალაქო აქტივისტები, პარლამენტთან მოწყობილი სცენიდან მოუწოდებენ ხელისუფლებას გაათავისუფლონ 20 მაისს, კახეთში, „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული საპროტესტო აქციის 16 მონაწილე.

20 მაისსვე, თელავის სამხარეო პოლიციასთან დააკავეს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დაკავებული პირების ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი ამ დრომდე ვერ არკვევენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ადგილსამყოფელს. ადვოკატები ვერ არკვევენ სად იმყოფება ელენე ხოშტარიაც. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა, თბილისში იყოს გადაყვანილი.

სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქ საქორწინო წვეულება იგეგმებოდა.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია “აზიმუტმა” და ქართულმა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.

19 მაისს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია “აზიმუტის” გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.

აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button