NASA-მ პლუტონზე „დაფრენის“ ამსახველი ფერადი ვიდეო გამოაქვეყნა [Photo/Video]

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) YouTube-არხზე ფერადი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პლუტონზე კოსმოსური აპარატის „დაფრენის“ მომენტია ასახული.
NASA-ს სპეციალისტებმა მოკლე ვიდეორგოლი ზონდ New Horizons-ის მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით შეადგინეს.
როგორც ცნობილია, New Horizons-ი 2015 წლის ივლისში ჯუჯა პლანეტას მინიმალურ მანძილზე – 12,5 ათასი კილომეტრით მიუახლოვდა და პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელმსც ტრანსნეპტუნურ ობიექტებთან მიახლოება განახორციელა.
ვიდეორგოლი 100 მაღალი გარჩევადობის სურათების გამოყენებით დაამონტაჟეს. კადრში ჩანს, რომ აპარატი პლუტონს ნელ-ნელა უახლოვდება, შემდეგ კი ტომბოს რაიონში, რომელიც პლუტონის გულად ითვლება, „დაშვების“ იმიტაციას ახორციელებს.
New Horizons-ი პლუტონზე დაკვირვებას 9 დღის განმავლობაში აწარმოებდა და ამ ხნის მანძილზე 50 გიგაბაიტი ინფორმაცია დააგროვა. დედამიწაზე მონაცემთა გამოგზავნას 15 თვე დასჭირდა. მეცნიერებმა ზუსტად ამ მასალის დახმარებით დაადგინეს, რომ პლუტონზე კრიოვულკანები, მოძრავი მყინვარები და მთის მასივები არსებობს, ხოლო მის სიღრმეში, შესაძლოა, მსხვილი ოკეანეც იმალება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ასტრონომმა, კლაიდ უილიამ ტომბომ მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა პლუტონი (134340 Pluto) 1930 წელს აღმოაჩინა. თავდაპირველად პლუტონს რიგითი პლანეტების რიცხვს მიაკუთვნებდნენ, ახლა კი იგი კოიპერის სარტყლის ყველაზე დიდ ობიექტად ითვლება, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს.
[print_gllr id=51754]