ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ექს-პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს. ნათია ფანჯიკიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ძვირფასო ბატონო ბიძინა,
მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ. არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა…
მიხარია თქვენი ერთსულოვნება. საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.
დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი. მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი…
რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.
ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.
მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში.” – წერს ფანჯიკიძე .
მანამდე ნათია ფანჯიკიძე 11 მარტს გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერსაც გამოეხმაურა.
“ცუკერბერგი მატყობინებს, რომ ჩემს ფბ-ში 6 საათის წინ სხვა ხალხი დასეირნობდა. შემაცვლევინა პაროლი. არაფერი მიკვირს, რამდენიმე თვის წინ ფბ-ს ვინ ჩივის, სახლში დამხვდა უცხო პირი შიგნიდან ჩაკეტილი და ფბ-ში აქამდეც ვიცოდი, რომ დაძვრებოდნენ. უბრალოდ მინდა ჩემს მეგობრებს გთხოვოთ, თუ სადმე არაადეკვატური, არაჩემებური რამე შეგვხდეთ, იცოდეთ რა დღეში ვარ. ასევე, თუ სადმე ყალბ პროფილს გადაეყაროთ, არ დაიზაროთ და მომწერეთ.
როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს.
ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის.
არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე.
მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე.
აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში.” – წერს ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე.