NATO-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება
ომში მყოფი პრეზიდენტი ელის, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად ოფიციალურად ამ ზაფხულს, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მიიწვევენ

NATO-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.
„გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და NATO-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მედიასთან საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება უკრაინის მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას აქვს სამხედრო შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.
„ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს, რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის კვლავ გაგრძელება და ომის წარმოება, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება დისკუსია უსაფრთხოების მექანიზმზე. ასევე იქნება დისკუსია წევრობის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, არამედ ის დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად ოფიციალურად ამ ზაფხულს, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მიიწვევენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევში ჩამოსულ NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად განიხილა უკრაინის დაცვა და ასევე “მთელი საერთაშორისო წესრიგის და სიცოცხლის დაცვაც”. მათ ასევე განიხილეს რამშტეინის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი.
“ჩვენ ვემზადებით რამშტეინის შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვემზადებით ჩვენი აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია. ვემზადებით ვილნიუსში NATO-ს სამიტისთვის, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი. მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება ასეთი ტიპის შეხვედრებზე, სხვადასხვა დონეზე კონტაქტების დროს, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე არ გაჟღერდება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დამსახურებული, პოლიტიკური მოწვევა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცების წვლილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ახლა უდიდესია, რადგან ისინი “თავისუფლებას იცავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ”.
მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას.