NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს მხარდაჭერაზე იმსჯელეს

დღეს, 14 თებერვალს ბრიუსელში იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია ალიანსის შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, უკრაინის შემდგომი დახმარება და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.
2-დღიანი შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც, პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება და ახალ შეტევებს იწყებს, ამიტომ, უნდა გაგრძელდეს უკრაინის გამარჯვებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭირო დახმარება.
სტოლტენბერგის თქმით, მინისტრები განიხილავენ ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებასაც საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის – ნატოს სამი ღირებული პარტნიორისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე არიან.
“მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისი განცხადებით, ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით, ბრიუსელში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან. მანამდე, ბრიუსელში შედგება უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.
მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინაშე მოწყვლადები არიან.
„უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფაა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები შეთანხდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ პარტნიორებისთვის მხარდაჭერა უნდა შეეხებოდეს კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტის და უსაფრთხოების კომუნიკაციის მიმართულებებს.
ბელგიაშია საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამერიკაში გამართული ვიზიტის შემდეგ ახლა რამშტაინის შეხვედრას ესწრება. თავდაცვის მინისტერიალზე ყველაზე აქტუალური კვლავაც უკრაინის სამხედრო დახმარებაა. ალექსეი რეზნიკოვი ბრიუსელში კონკრეტული მოთხოვნებით ჩავიდა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ტანკების და საბრძოლო მასალის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისი წვრთნები უკვე მიმდინარეობს.
“მე ვფიქრობ, რომ გერმანია ლიდერობს ამ სატანკო კოალიციაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტი, რომ უკრაინას ეს ტანკები რაც შეიძლება მალე სჭირდება. ამიტომ, მიხარია, რომ წვრთნა რეალურად დაიწყო და გვყავს ქვეყნების ეს ჯგუფი, სადაც ყველა ცდილობს რაღაცის დამატებას, რათა უკრაინამ მიიღოს რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება მეტი ტანკი, მეტი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტანკები უკრაინას მიეწოდება,” – აცხადებს ოლონგრენი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ამბობს რომ მინისტერიალზე მოლდოვის და საქართველოსკენ მიმართული წნეხის შესახებაც შედგება განხილვა.
“რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. სამწუხაროდ ამ ყველაფერს მოაქვს მსხვერპლი. არ არის ნიშანი იმის რომ პუტინი გაჩერებას აპირებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის გარდა წნეხის ქვეშაა მოლდოვაც. ეს სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება. რაც შეეხება საქართველოს, კავკასიას, ამ საკითხებზეც გვექნება დღეს განხილვა,” – თქვა ბორელმა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, იუსი ნიინისტოს თქმით, ფინეთი ნაწილია იმ დახმარების, რაც უკრაინის მიმართ სხვადასხვა, მათ შორის ლოგისტიკის და სათადარიგო ნაწილების კუთხით ხორციელდება.
“დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ლეოპარდების გადაცემის საკითხზე. მაგრამ ფინეთი ფრონტის ხაზის სახელმწიფოა. ასე რომ, ტანკების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ბევრი. ჩვენ საჯაროდ არ ვამბობთ, რამდენი და რა სახის მხარდაჭერა გვექნება ამ თანამშრომლობასა და კოალიციაში. მაგრამ თანამშრომლობის მრავალი გზა არსებობს, როგორიცაა ვაჭრობა, სათადარიგო ნაწილები, ლოგისტიკა და ა.შ. და რა თქმა უნდა ფინეთი ამის ნაწილია. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური გზით მოვახდინოთ,” – ამბობს ნიინისტო.
ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი ეგრეთწოდებული რამშტაინის ფორმატის მეცხრე შეხვედრით დაიწყო.