მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს

წლის ბოლომდე გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების “უზარმაზარ პაკეტს” გადასცემს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უახლოეს დღეებში უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა დააანონსა. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.
18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მას შემდეგ თქვა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი.

ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგან, რომლებმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 10 ოქტომბერს იერიშების ახალი ტალღა წამოიწყო მთელს ქვეყანაში.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს [უკრაინას] დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან”, – თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის ძალების ირანის მხრიდან დახმარების თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ “არცერთმა სახელმწიფომ მხარი არ უნდა დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს”.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა “ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალეს”.

“სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა. ეს რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი ნაკლი იყო მთელი ოპერაციის განმავლობაში: ისინი ელოდნენ, რომ საჰაერო სივრცეზე კონტროლს აიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, ნატო „უახლოეს დღეებში“ მიაწვდის უკრაინას სისტემებს დრონების სპეციფიკურ საფრთხესთან გასამკლავებლად, მათ შორის ირანული დრონებისა, თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს თქვა, რომ 18 ოქტომბერს კიევსა და სხვა ქალაქებში საცხოვრებელ რაიონებზე განხორციელდა იერიშები. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტრომომარაგება მთელს უკრაინაში და „აღარ დარჩა ადგილი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.

წლის ბოლომდე გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების “უზარმაზარ პაკეტს” გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ჯერ კიდევ ამ წელს გადაცემულ იქნება დაჯავშნილი საევაკუაციო მანქანები, ბრონირებული მანქანები Dingo, ხიდების დასაგები ტანკები, დამატებითი ჰაუბიცები Panzerhaubitze 2000, დამატებითი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დრონის საწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ [უკრაინას] მხარს დავუჭერთ განაღმვის საკითხში. ერთი სიტყვით – უზარმაზარი პაკეტი, რომელიც გზაშია”, – განაცხადა ლამბრეხტმა.

მან აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის საშუალებები და არტილერია სჭირდება. ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბერლინს უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების საკითხში “წითელი ხაზები” არ გააჩნია, თუმცა მხოლოდ ისეთ იარაღს მიაწვდის კიევს, რომელიც მოკავშირეთა წრეში არის შეთანხმებული.

“მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის პარტნიორებთან ერთად, ყოველთვის მოკავშირეებთან ერთად [ვიმოქმედოთ]. გერმანია მარტო არ უნდა მოქმედებდეს. ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი”, – თქმა ლამბრეხტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button