მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინას მოსკოვის ოლქზე თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს დილით უკრაინამ მოსკოვის რეგიონზე ტერორისტული თავდასხმა დრონებით სცადა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ უკრაინის 3 დრონი რუსული “ელექტრონული ომის” მოწყობილობებით გაანეიტრალეს.

“დღეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე სამმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა აღკვეთა. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს ელექტრონული ომის საშუალებით, რის შედეგადაც მათ დაკარგეს კონტროლი და ჩამოვარდნენ” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

აფეთქებების ადგილებად მითითებული იყო დასახლება ლუკინო-რომელიც მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 13 კმ-ში მდებარეობს და ნარო-ფომინსკის რაიონი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ლუკინოსთან მდებარე მინდორში და მოსკოვის ოლქში, ტამანის დივიზიის დისლოკაციის რაიონში. რუსეთის არმიის ეს დივიზია ნარო-ფომინსკის რაიონშია განთავსებული.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს დილით, ორი აპარატი ჩამოაგდეს სამხედრო ნაწილის საწყობებთან მიახლოებისას. ვორობიოვის თანახმად, შემთხვევის რაიონში სპეცსამსახურები მუშაობენ.

გუბერნატორის და სააგენტო „ტასის“ წყაროს მტკიცებით, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა, აპარატების ფრაგმენტები კი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა.
„დღეს, დაახლოებით დილის 5:30 და 5:50 საათზე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობებთან ახლოს სამხედრო დაპირისპირების შედეგად თვითმფრინავის ტიპის ორი მოწყობილობა ჩამოვარდა. ნაპოვნია ფრაგმენტები, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ჩართულია სპეცსამსახურები, მიმდინარეობს დათვალიერება, ტერიტორია შემოსაზღვრულია. მოსახლეობას ვთხოვ სიმშვიდის შენარჩუნებას“ – წერს მოსკოვის ოლქის გუბერნატორი.

დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “კიევის რეჟიმს” ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან “დროულად” გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში ბოლო კვირებში დრონებით თავდასხმები გახშირდა. თავდასხმები ძირითადად ბელგოროდის რეგიონში ხდება.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს არ ადასტურებს და შიდა წინააღმდეგობის ძალებზე მიუთითებენ. მაისში უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

რეგიონებზე თავდასხმის გარდა რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზანი პრეზიდენტი პუტინის მკვლელობა იყო. უკრაინა ამ ინციდენტში მონაწილეობასაც უარყოფს.

30 მაისს რუსული მედია წერდა, რომ უკრაინიდან მოსკოვის რეგონზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. მედიის ცნობით, უკრაინამ დაახლოებით 25 დრონი გამოიყენა, რომელთა ნაწილი რუსეთმა გაანეიტრალა. ამ დრონების უმეტესობა მოსკოვის რეგიონის ისტრას, კრასნოგორსკისა და ოდინცოვოს დასახლებებში ჩავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button