ბელორუსის და რუსეთის პრეზიდენტების ბოლოდროინდელ განცხადებებს ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.
22 აგვისტოს, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში ჯარების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ბელორუსის საზღვართან ახლოს – პოლონეთსა და ლიტვაში „ნატოს“ ჯარების გადაადგილება ბელორუსის უსაფრთხოებას პრობლემას უქმნის.
27 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას თხოვნით, რუსეთში შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რეზერვი, რომელიც ბელარუსს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, „ექსტრემისტული ელემენტები“ ზღვარს გადავლენ და ყაჩაღობას დაიწყებენ.
სტოლტენბერგმა Reuters-ს განუცხადა, რომ ნატო პატივს სცემს ბელარუსის სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის საზღვართან საკუთარ სამხედრო ძალებს არ ზრდის. გენერალური მდივნის თქმით, ბელარუსის მომავლის განსაზღვრა თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა.
ბელარუსის მეზობელი, ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ რუსეთს მიმართა, დაუყოვნებლივ თქვას უარი კონტროლის აღდგენის ცრუ საბაბით ბელარუსში სამხედრო ინტერვენციის გეგმაზე. პოლონეთის პრემიერი ტვიტერზე წერს, რომ ეს მტრული აქტი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ბელარუსიელი ხალხის უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა ბელარუსში გამოყენების მიზნით, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ბელარუსის საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციას.