მნიშვნელოვანისიახლეები

ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რიგაში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალია, რომელიც დღეს გაიხსნება და მონაწილეობას საქართველოც იღებს.

სეიმის წევრებს ხელისუფლებასთან შეკითხვები ჰქონდათ 19 აპრილის დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს ის შეთანხმებაა, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით დაიდო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელიც მმართველმა პარტიამ ცალმხრივად დაარღვია.

ლატვიის სეიმის წევრები მოგვიანებით შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც და შარლ მიშელის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათ შეფასებებსაც მოისმენენ.

სეიმის წევრებმა ისაუბრეს საქართველოში რეფორმების აუცილებლობასა და პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ სწრაფვაში.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს.
ლატვიის სეიმის წევრები უკვე შეხვდნენ ქართული ოცნების წევრს, არჩილ თალაკვაძეს. ახლა ისინი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო კომიტეტის წევრებს. დღის მეორე ნახევარში კი ისინი ოპოზიციურ პარტიებთან გამართავენ შეხვედრებს.

„ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად სხვა მრავალმხრივ საკითხებსაც განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ორ კვირაში იქნება. პრიორიტეტული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმები, პოლიტიკური სტაბილურობა რომელიც უმნიშვნელოვანესია. შევეხეთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამჟამად რიგაში ვმასპინძლობთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. რა თქმა უნდა, განვიხილავთ რეგიონულ საკითხებსაც, ასევე ნატოს პოტენციურ განვითარებას და სტაბილურობას. საქართველოც მიწვეულია ამ შეხვედრაზე დასასწრებად.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტულად არ გვისაუბრია. რასაც ვამბობთ ის არის, რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი.
რა თქმა უნდა, მივუთითეთ [ქართული ოცნების წევრებს] აპრილში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის დროსაც ევროკავშირი მედიატორის როლს ასრულებდა. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს არჩევნების გზით და იძლევა ძლიერ მანდატს. მმართველი პარტიის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს დაპირებები“, – განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით კი, ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის.

„ნატო მარტო არ არის. ჩვენი პარტნიორობის ქსელი ღირებულია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. ყველა პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მათ ყველას ერთმანეთის მსგავსს არ ხდის. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტად ინდივიდუალური, ადაპტირებული მიდგომა პარტნიორებისადმი. გვაქვს ისეთი პარტნიორობა, რომელიც გვეხმარება ალიანსის მთავარი ამოცანების შესრულებაში, როგორიც არის პარტნიორობა ფინეთთან და შვედეთთან. ასევე არსებობს პარტნიორობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის. ასეთი პარტნიორობა გვაქვს საქართველოსთან და უკრაინასთან. ასევე დასავლეთ ბალკანეთთან და ჩრდილოეთ აფრიკასთან“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი გველოდება, გამომდინარე რამდენიმე ფაქტორიდან. პირველ რიგში,  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო და უკრაინა არიან ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მოიპატიჟა ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან, – ამის შესახებ განაცხადა ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ეს თავისთავად მეტყველებს ნატო-ელი კოლეგების ფოკუსირებაზე ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე.

ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან ელოდება ასპირანტ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთებას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ორი ძირითადი საკითხი იქნება განხილული- თანამედროვე საფრთხეები და გლობალური პრობლემები, საუბარი ასევე შეეხება პარტნიორების თემას, ხოლო  პარტნიორი ქვეყნებიდან წარმოდგენილი იქნებიან საქართველო და უკრაინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის მნიშვნელობაზე.  ვიქტორ დოლიძის თქმით, ქვეყანა აპირებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით და  მომავალი წლის ნატო-ს სამიტი წლევანდელი მინისტერიალის ძალიან კარგი გაგრძელება იქნება.

ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, ის განცხადებები, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი ფონი სდევს თან ამ მინისტერიალს, მაგალითად სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ასევე, თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც ნატო-სთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button