“ნაციონალური მოძრაობა” გამოძიების დაწყებას “ლელო” კი პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერული რეისისთვის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში აბსურდულს უწოდებენ. ამბობენ, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირადი მიზნებისთვის მოხმარება “ქართულმა ოცნებამ” წარსულს ჩააბარა. პრემიერის მგზავრობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია კი, სრულად მის დეკლარაციაში იქნება ასახული.
მთავრობის მხრიდან არაერთი განმარტების მიუხედავად, ოპოზიცია კვლავ კორუფციაზე საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, “ლელო” კი პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტია უნდობლობის გამოცხადების პროცედურისთვის საჭირო ხმების მოსაგროვებლად კოლეგებთან კონსულტაციებს აანონსებს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, პირადი ხარჯით მოხდა ჩარტერული ფრენა თუ ბიუჯეტის სახსრებით, დანაშაული მაინც სახეზეა.
“ფაქტია, რომ დანაშაული სახეზეა – სახელმწიფო ხარჯით იყო თუ კერძო ხარჯით იყო, ორივე შემთხვევაში არის სისტემის გახრწნილების მტკიცებულება ჩარტერით ფრენა ღარიბაშვილის, არც ფული აქვს მას დაფიქსირებული დეკლარაციაში, რომ ეს დაეფინანსებინა და მითუმეტეს, თუ ეს სახელმწიფო ხარჯით განხორციელდა, ესეც დანაშაულია. ორივე შემთხვევაში გვაქვს საქმე დანაშაულთან,”-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
კოლეგებთან კონსენსუსის მიღწევა “ლელოს” სავარაუდოდ გაუჭირდება. პოლიტიკოსების ნაწილს, იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბარი ალოგიკურად მიაჩნია. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა მსგავსი ქმედებით ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსაც კი შეუშალოს ხელი.
“საქართველოსთვის” წევრს, მიხეილ დაუშვილს მიაჩნია, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურა ისევე დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, როგორც პრეზიდენტის შემთხვევაში.
“ოპოზიცია გვეუბნება, რომ დავიწყოთ მეორე ყალბი იმპიჩმენტი. ყალბი იმიტომ, რომ აპრიორი ვიცით, ამას შედეგი ვერ ექნება. შეიძლება იმპიჩმენტი გასაკეთებელი იყოს ბევრ თემაზე, მაგრამ დღეს, ამ რეალობაში, როდესაც “ოცნება” თავის მიერ გამოცხადებული იმპიჩმენტით პრეზიდენტის წინააღმდეგ პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, უბრალოდ დაუშვებელია, ამ დროს ოპოზიცია ისე მოიქცეს, როგორც იქცევა ხელისუფლება და ანალოგიური იმპიჩმენტით, ოღონდ ამ შემთხვევაში პრემიერი წინააღმდეგ, მაღალი ალბათობით, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს,”-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს “გირჩიც.”
“ჩვენი მხარდაჭერა პრემიერის იმპიჩმენტს არ ექნება, რადგან თუ დავფიქრდებით, ჩვენ, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს “ქოცების” პრემიერად. სხვა როგორ უნდა დაგეხმაროს ქართული ოცნება იმაში, შენ თუ გამარჯვება გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ,”- აცხადებს “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია.
პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია. როგორც ჩანს, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ამის შესახებ პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების მოლოდინი არ აქვთ.
“ღარიბაშვილი არათუ თანამდებობა უნდა ტოვებდეს, არამედ, უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და პასუხობდეს კითხვებს – კითხვებს, რომელიც აქვს მედიას, საზოგადოებას და რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ, შემდგარ სახელმწიფოში საგამოძიებო სტრუქტურებს. ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება და რომელიც, ძირითად შემთხვევაში, გამოყენებულია ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, დაიწყებს გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია, იმ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა, შევიტანოთ ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურაში და მოვითხოვოთ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება”, – განაცხადა მან.
“ნაციონალურ მოძრაობას” და მის თანამოაზრეებს დღეს წარსული მმართველი პარტიის ლიდერებმაც შეახსენეს. პოლიტიკოსების თქმით, ოპოზიცია კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტთან კოორდინირებულად მოქმედებს და ამ საკითხით ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემის გადაფარვა სურს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პრემიერის ფრენის შესახებ დეკლარაციაში დეტალური ინფორმაცია მოხვდება, შესაბამისად, საქმის სამართლებრივ სარჩულზე საუბარი სპეკულაციურია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისივე განცხადებით, მოხდება ყველა იმ შემოსავლის დეკლარირება, რითაც პრემიერმა ჩარტერული რეისის დაფინანსება შეძლო.
“არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არ აქვთ, თუ არადა აქ არიან, ჩამოაყალიბონ ერთი, რომელ საფუძველს ეყრდნობიან. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და იყო სრულად დაფარული ეს ხარჯები პრემიერის მიერ და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობითაც კი, რომელიც, როგორც წესი, ამ დროს არის ხოლმე გამოყენებული როგორც დასაბუთება, არც კი თქმულა, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. საქმეც იმაშია, რომ არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა ასეთი აღქმა ამ რეპორტაჟის შედეგად, თითქოს ბიუჯეტის თანხით იყო.
ამაზე განმარტება გააკეთა როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია ამ თვითმფრინავის მართვასა თუ მოვლაზე, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არ არის ბიუჯეტის დახარჯული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე გაკეთდა განმარტება, რომ ყველა ხარჯი თუ შემოსავალი, როგორ მოხდა ამის დაფინანსება, მოხდება ამის დეკლარირება,”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას არ ახდენს.
მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერი საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.
“დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის პრემიერი ძალიან დეტალურად და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ძალიან მოკლე ხანში თქვენ გაიგებთ. ეს მისი გადასაწყვეტია და გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის კითხვას საზოგადოებაში არ დატოვებს, არა იმიტომ, რომ ამას ოპონენტები აყენებენ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს პატივს ვცემთ.
განსხვავებით იმისა, რაც ხდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც დღეს რაღაცებზე აპელირებენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდნენ როგორც წესი თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას, მაგრამ ასეთი არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ესეც ძალიან მკაფიოდ იქნება საზოგადოებისთვის განმარტებული.
ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ოპონენტები, ალბათ როგორც წინა ბევრ შემთხვევაში აგორებენ ვითომ სკანდალს და მერე თვითონვე აღმოჩნდებიან ხოლმე ძალიან უხერხულ სიტუაციაში იმიტომ, რომ მათი მხრიდან ე.წ. სკანდალური ინფორმაცია ეფუძნება ტყუილს,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია “ლელო,” “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ჩარტერული რეისით მიუნხენის მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოში ისარგებლა. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ მგზავრობა პრემიერმა საკუთარი სახსრებით დააფინანსა.