მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს-ოცნება

„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, – ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც წყალტუბოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარს ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება სჭირდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ – როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ დონორებს გამოეჩინათ სიფრთხილე და გამიჯვნოდნენ ზიზღის და ძალადობის კამპანიას უშედეგო აღმოჩნდა. მისი თქმით, ტრაგედია უკვე მოხდა და ამას ვეღარაფერი გამოასწორებს.
,,ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.
ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.
ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – “მე ვესროლე” კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.
ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ნაცური“ პროპაგანდა კლავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებას.
მდინარაძემ გაიხსენა 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტიც და აღნიშნული შემთხვევები „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას დაუკავშირა.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა. „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ მმართველობის პერიოდში, ახლა ამას ახერხებენ სიტყვით. ამის არაერთი შემთხვევაა.
შემიძლია გავიხსენო 2013 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, თუ სწორად გვახსოვს ყველას. სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი – უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ის გარდაიცვალა ადგილზე. 2020 წელს, 4 წლის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1-კვირიანი ფაშისტური, „ნაცური“ ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი. შეიძლება ის კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა.
ღირსება ქართველი კაცისთვის მთავარი რამაა. ეს სლოგანში კი არაა მხოლოდ ასახული, ადამიანის გულში და სულშია. როდესაც მათი პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა გულის შეტევით. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანი ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ კი ამ პროპაგანდას საზოგადოებაში განვრცობა მოჰყვება, ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაცვალოს.
2020-ში ტელევიზიებიდან ბულინგის შედეგად რატომ გარდაიცვალა ეს ადამიანი, თედო გობეჯიშვილი? რატომ გარდაიცვალა გუშინ, ერმილე გეგიძე? „ნაცური“ პროპაგანდა კლავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს“.
„გუშინ, წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე, ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს ამას ჩვეული მეთოდებით. მინდა, გუნდის სახელით ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის და ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენ რა გაგიკეთებიათ, აქ რატომ გააკეთეთ ეს ოფისი, თქვენ ქვეყანას აქცევთ, ღუპავთ, კარგავთ ქვეყნის მომავალსო, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო, თქვენ მე ვინ გგონივართო. გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს. ერმილე გამოვიდა, ძალიან ანერვიულდა ამ კაცმა რომ გალანძღა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოვიდა და გახდა ცუდად, იქვე დაეცა. მე ექიმი ვარ და სასწრაფოს მოსვლამდე, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, ვუტარებდი პირველ დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას. ერმილე რომ დაეცა, ის აქ იყო, შეხედა, იცინოდა“, – განაცხადა შალვა კილაძემ.

წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.
რის გამოც გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button