მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ოცნების” მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ყოფნის

პარლამენტში ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროცესს „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” კვლავ ბოიკოტს უცხადებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სანამ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს და „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ ექნება.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებული იყო 8 მარტს, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად. ეს შეთანხმება, ამავე დროს, ითვალისწინებდა რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას, საიდანაც ერთი, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცოტა ხნის წინ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, სამწუხაროდ, რჩება პატიმრობაში. უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან ამ ცვლილებებს არ ექნება.” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები კი, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ.

„იმისათვის, რომ ხალხის განწყობები იყოს პროპორციულად აღქმული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების დონეზე, საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების წილის ზრდის თვალსაზრისით. ეს არის დღეს დამოუკიდებელი სიკეთე, ამიტომ არანაირ პირობას ჩვენ არ ვაყენებთ იმისათვის, რომ ეს სიკეთე იყოს პოლიტიკურად რეალიზებული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ეს არის ბოლო შანსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი ნდობა არ წაიშალოს.” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები ცვლილებებისთვის საკმარისი ვერ იქნება და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, პროექტი ჩავარდეს.

„ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან პირობა იქნება შესრულებული და საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან მხარი ექნება დაჭერილი. იმედი გვაქვს, რომ ის ადამიანები, პარლამენტის წევრები, ვინც აქამდე აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ, იმედია, მათი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი ეს პროექტი. მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ ყოფნის.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროცესს „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” კვლავ ბოიკოტს უცხადებს.

მოისმინეთ გიორგი კანდელაკის, გედევან ფოფხაძის და ანრი ოხანაშვილის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button