მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. პარტიის წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

“დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას.

ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის შიგნით და პარლამენტის გარეთაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს საზოგადოებას საკმარისზე მეტად აქვს შერჩენილი ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ ამ აქტის თანამონაწილეები. ამისთვის მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი”, – თქვა კირკიტაძემ.

მასთან ერთად შიმშილობა დაიწყეს ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა.მათ ბრიფინგზევე განაცხადეს რომ პროტესტის შესახებ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

აღინიშნა ისიც, რომ საკითხი შეთანხმებული არ არის მიხეილ სააკაშვილთან.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

“სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც – მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

14 დეკემებერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მათ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კადრების გასაჯაროების შესწავლა დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button