“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირის ბოლომდე შეიქმნება
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირის ბოლომდე შეიქმნება. საკითხი ბიუროზე ინიციირებულია და პლენარული სესიის დღის წესრიგშიც გათვალისწინებულია.
დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. შესასწავლ საკითხთა ნუსხაც შედგენილია. კომისიის ინტერესის ობიექტი ყველა ის მოვლენა იქნება, რომლებიც 2003-დან 2012 წლამდე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი წევრები გამოსაკითხ პირთა სიაში პირველები არიან. ამ პოლიტიკურ პარტიაში კომისიის შექმნის საკითხზე დღეს დუმილი ამჯობინეს, სხვა პარტიებში კი მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ამ თემით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც სხვა ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებენ. უარის მიუხედავად, კომისია მაინც შეიქმნება და ის “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრებით დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს შეახსენებს, რომ, დაბარების შემთხვევაში, კომისიის წინაშე გამოცხადებას თავს ვერ აარიდებენ.
გეგმის მიხედვით, საგამოძიებო კომისიამ 6 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს, ამის შემდეგ კი შესაბამისი დასკვნა მომზადდება და რეკომენდაციები გასაჯაროვდება.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“ – ასეთი იქნება საპარლამენტო კომისიის სახელწოდება, რომლის შექმნის საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.
“საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინა.
2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება – პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება.
გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა.
შესაბამისად, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეუფასებლობა წარმოადგენს პრობლემას, რამაც დააბრკოლა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ხელი შეუწყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნასა და საბოლოო ჯამში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“, – წერს “ქართული ოცნება“ დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.