“ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმების დოკუმენტს. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობის გამო მაინც მიიღეს. მისივე თქმით, არ მისცემენ ქართულ ოცნებას საშუალებას 2 ოქტომბრის შემდეგ “რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ”.
“ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველს ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებში, რომელიც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ დღეს ეს არის ალბათ მეასეხარისხოვანი. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე და არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და უნდა მიიღო სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია”, – თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში, 2024 წელს ჩატარდება.