მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნების დელეგაციის ვიზიტი კობახიძის ხელმძღვანელობით გრძელდება

ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია. დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. “ოცნების” წევრები ხუთდღიან ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებს, ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს შეხვდა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოსთვის ჩინეთთან თანამშრომლობას “კონკრეტული და ხელშესახები” შედეგების მოტანა შეუძლია.

„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს. ასევე, შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ამ შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია, ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ქართული ოცნების დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს”.

ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც გააფთრებული პროპაგანდა ჰქონდა ატეხილი, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ევროკავშირთან გზის ჩაკეტვას ნიშნავდა, მაგრამ ყველაფერი ამის საწინააღმდეგო ვნახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ჩინეთთან მსოფლიოს ყველა სახელმწიფო თანამშრომლობს და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ.

„ოპოზიციას ინფორმაციის სრული დეფიციტი აქვს და თავისი რუსული ბალალაიკის იქით ვერაფერს ხედავენ, მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს არ აკეთებენ. ჩინეთთან მსოფლიოს ყველა სახელმწიფო თანამშრომლობს და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის ძალიან მკვეთრი კონკურენციის ფონზე აშშ-სა და ევროკავშირის. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის იმის აკრძალვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და ეკონომიკური პერსპექტივა არ გააღრმაოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკარნახევია სრული არაკომპეტენტურობით ან მიზანმიმართული ტორპედირებით იმის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა ეკონომიკასა და კეთილდღეობას გაზრდის, რაც, მათი გაგებით, მიუღებელია, რადგან მათი რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება. ეს ქვიშაზე დაწერილი მათი პროპაგანდაა, რომელიც, როგორც მრავალი სხვა ასეთი დესტრუქციული განცხადება, დრომ წაშალა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პრიორიტეტს იძენს.

„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა და იმ ფონზე, როცა საქართველო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დღითი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება, როგორც საქონლის, ასევე ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, მათ შორის, ისეთი დიდი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი. დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები საქართველოსთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდება. განსაკუთრებით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის განხორციელების ფორმატში. ჩინეთთან ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია. გასულ წელს ევროკავშირის პირველი პირები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთგზის იმყოფებოდნენ ჩინეთში – ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ მათი ხედვების თაობაზე? საუბარია ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, რაც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორი ჩინეთის რესპუბლიკისთვის. ვინც კითხვებს სვამს, თუ რატომ ხდება ჩინეთში ვიზიტები და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, შეისწავლონ, დასავლეთის ქვეყნები როგორ მიისწრაფვიან და მაქსიმალურად ცდილობენ ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ წარმომიდგენია, რომელიც იტყვის, რომ არ არის დაინტერესებული ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით“, – განაცხადა მიქანაძემ.

ქართული ოცნების წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების “ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს”. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის პარალელურად ისაუბრა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს”, – განაცხადა მან.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ჩინეთში კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია.

“საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ხედვები მოდერნიზაციის თაობაზე, ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაზეც ასევე ადრე ნაკლებად საუბრობდნენ ჩინეთში და მათი დაძლევის გზებზე. ხვალაც ძალიან საინტერესო შეხვედრებია დაგეგმილი და შემდეგ გავემგზავრებით შანხაიში, სადაც იქნება კონკრეტული საუბარი ეკონომიკური დარგის განვითარებაზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება კარგია, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და საგარეო კურსთან.
ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ევროპული პარტიების ოჯახიდან გამოაგდეს, ეს ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არავინ უარყოფს.

„ჩვენ ჩინეთთან ეკონომიკური ურთოერთობები დიდი ხანია, რაც გვაქვს, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციაში პირველი დათქმა სწორედ ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თანხვედრაა და არ შეიძლება, საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ჩინეთი იყოს. საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ – ამერიკა, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, ვინც საქართველოს ლობირებს, როგორც ევროკავშორის მომავალ წევრ ქვეყანას. ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ევროპული პარტიების ოჯახიდან გამოაგდეს, ეს ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წინა პერიოდში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. მისი თქმით, ამის შესახებ საუბარი რამდენიმე თვის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ ყოფილა.

“როდესაც გაფორმდა ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობების შესახებ შეთანხმება ღარიბაშვილის ხელმოწერით, აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას, როცა მეორე მხრივ, საქართველომ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთიან ჩინეთს.

აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ურთიერთობაში ეკონომიკური ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ”, – განაცხადა მან.

“EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს”, – ასე ეხმაურება საერთაშორისო გამოცემა Reuters საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს.

“ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, რომლებთანაც EU-ს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თბილისმა უარი თქვა დასავლეთის ქვეყნების გაყოლასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ და გასულ წელს რუსულ ავიახაზებს უფლება მისცა განაახლონ პირდაპირი ფრენები საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეწყდა. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, ევროკავშირმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მომავალ გაწევრიანებას, თბილისმა თავისი საგარეო პოლიტიკა ბრიუსელთან უფრო უნდა დააახლოოს.” – წერს Reuters.

მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button