მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ძმაც დააკავეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.

დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად შევიდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი გლუვლულიანი თოფი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.

ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი ორველაშვილს მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც რუსთავის რაიონული სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დანაშაულზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ორივე დაკავებული ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

რაც შეეხება დაჭრილს, რომელიც თავდამსხმელის ბიძაშვილია, როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.

რუსთავის ბაზარში მკვლელობა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 თებერვალს, დღის საათებში მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილმა შემთხვევის ადგილას, მედიასთან თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ორი თვის წინ შეგნებულად გადაწვა სახლი, პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა მის წინააღმდეგ ზომები არ გაუტარებიათ.

“ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში, 2 თვის წინ დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად ესე გააკეთა. […] პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და დღემდე, 3 თვეზე მეტია დადის გარეთ”, – თქვა მოკლული პირის შვილმა 9 თებერვალს.
მოკლულთაგან ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი ახალგაზრდა კი – მისი ბიძაშვილი.

35 წლის გიორგი ორველაშვილს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, გამოძიება დანაშაულს ორი მუხლით ედავება. თავდასხმის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ბიძასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფინანსურ საკითხს, ან სხვა ტიპის პირად კონფლიქტს უკავშირდება.

მომხდარის შემდეგ, როგორც ირკვევა, თავდამსხმელი აფთიაქში შევიდა და წამალი ითხოვა, მან ასევე ითხოვა გამოეძახებინათ პატრული.

სანამ გამოძიება კითხვებს პასუხს გასცემს, თავდასხმას გადარჩენილი სიცოცხლისთვის იბრძვის.
ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

შსს-მ თავდამსხმელი, 1988 წელს დაბადებული კაცი იმავე დღეს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button