დაბომბილი უკრაინა – რუსეთი კვლავ რაკეტებით უტევს

31 ივლისს ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან შეუტია. როგორც ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანმა, დიმიტრი ჩუბენკომ, განაცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი.
“რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს”, – განაცხადა ჩუბენკომ.
მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.
კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა.
უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი, გადაარჩინეს სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის ბავშვი“, – წერს კლიმენკო საკუთარ ტელეგრამარხზე.
ამავდროულად, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის არის მოზარდი.
„ამ დროისთვის მხოლოდ ხერსონში 17 დაჭრილი და სამი დაღუპულია. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლისაა. გოგონა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დაღუპული და ექვსი დაშავებული კომუნალური სამსახურის თანამშრომელია, კიდევ ხუთი – მოხალისე“, – წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი.