ნიკა გვარამია რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას ითხოვს.
ამის შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ რუსთაველზე მიმდინარე რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და რუსთავი2-ის საქმის განმხილველ ქართველ მოსამართლეებს “გაყიდული მონები” უწოდა.
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.
„ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან,“ – აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, არ შეიძლება, ეს მოსამართლეები ლექციებს კითხულობდნენ. ამიტომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, არ დაესწრონ მათ ლექციებს.
ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსთავი2-ს ვერ გააჩუმებს.
„ის ებრძვის რუსთავი2-ს, მაგრამ ის ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს. რუსთავი2 არის ხალხის ხმა და ვერ გააჩუმებს ვერც ხალხის ხმას და ვერც რუსთავი2-ს“ – აღნიშნა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპელ მოსამართლეებს.
„ვზეიმობთ ძალიან დიდ გამარჯვებას, ომი დამთავრებული არ არის, ჩვენი ომი უთანასწოროა, ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის დამსახურება,“ – განაცხადა ნიკა გვარაიამ.