მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი – მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ნიკა გვარამია დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის.

“წარმოუდგენელია, ძვირფასო მეგობრებო, ამ ქვეყანაში იყო ობიექტურად განწყობილი მოქალაქე და აფასებდე მომხდარს, როგორც სამართლიანს. რეალობა არის მძიმე, ტყუილი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი – ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საქალაქო სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.

საიას განცხადებით, “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.

“ნიკა გვარამია გარდა იმისა, რომ არის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ის ასევე წარმოადგენს ამ კომპანიის დამფუძნებელს და გამოძიების დაწყების ეტაპზე ფლობდა „მთავარი არხის“ წილის 51%-ს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება და სასამართლოს შედეგი არ წარმოადგენდა მხოლოდ კონკრეტულად ბრალდებული ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი შედეგის მატარებელ საქმეს“, – წერია განცხადებაში.

საიას განცხადებით, მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები არსებობდა, რადგან ის “რუსთავი 2-ის” მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებისთან დაკავშირებით „ლელო“ განცხადებას ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის განმარტებით, ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის გზავნილი თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების კუთხით.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის კატასტროფა, ევროპა ძალიან მძიმე შეფასებებს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ექნებოდა და გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანდა.

ამასთან ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციას შეურთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტრანსფარანტებით გამოსული ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„უკრაინაში ომს და გლობალურ მოვლენებს დამთხვიეს ეს გადაწყვეტილება. რომ შეუმჩნეველი დარჩეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა. სამართლებრივად ეს საქმე გაუმართავია. მე არ ვარ იურისტი და ეს ჩემი ჟურნალისტური შეფასებაა. „მთავარი არხი“ შეიძლება იყო მიკერძოებული, შესაძლოა მეც ვიყო მიკერძოებული, ასევე ყველა იყოს მიკერძოებული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული და არ შეიძლება ადამიანებს იჭერდე განსხვავებული აზრის გამო. ჩვენი ქვეყანა 30 წლის განმავლობაში იბრძოდა, რომ ეს უფლება ჰქონოდა. შეზღუდული გარემოდან, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, გამოვედით და ვიბრძვით ამისთვის, რომ გვქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ – თქვა აქციის მონაწილემ გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორმა ეთერ თურაძემ.

“შეიძლება არ მოგწონდეს „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა ისჯებოდეს. ეს გავლილი გვაქვს საბჭოთა კავშირში და ახლა ხდება რუსეთში. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პრეცედენტი პოლიტიკური დევნის. საზოგადოებას არანაირი ნდობა არ აქვს სასამართლოსი. როდესაც ერთ ადამიანს აკავებენ, იმიტომ, რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინა, ამავე დროს არის დანაშაულის უამრავი ფაქტი, რომელზეც გამოძებას რეაგირებაც კი არ აქვს. ამიტომ რაც არ უნდა ამტკიცოს მავანმა, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში სამართალმა პური არ ჭამა“ – განაცხადა ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალსიტთა სახლის თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ.

შეგახსენებთ რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლემ დღეს მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ. საუბარია “პორშესა” და 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე.საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button