მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა 206 ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა 206 ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან. მათგან 178 “რუსი სეპარატისტია”

სხვებთან ერთად მათ შორის არიან „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიფ ალეკპეროვი, სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ ევტუშენკოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ცნობილი ჰოკეისტი ვიაჩესლავ ფეტისოვი. გარდა ამისა, შემზღუდავ სიაში მოხვდა პრორუსული ორიენტაციის უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც გუშინ დააპატიმრეს უკრაინის სპეცსამსახურებმა.

ყველას, ვინც სიაში შეიყვანეს, გაუყინავენ აქტივებს. გარდა ამისა, იკრძალება მათთან საქმიანი გარიგებები, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რამდენჯერმე გააფართოვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვების სია. კერძოდ, ლონდონმა ემბარგო დააწესა რუსეთის ენერგორესურსებზე. გარდა ამისა, სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილები.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგები აღიარებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები შემოიღეს, მაგრამ აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს ზეწოლას.

მთლიანობაში ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში 206 პირი მოხვდა, მათ შორის 178 სეპარატისტი, 6 ოლიგარქი, ახლო წრე და თანამშრომლები, დამატებით კიდევ 22 პირი.

ხუთშაბათს ამოქმედდება კანონი, რომელიც კრძლავს ფოლადისა და რკინის ნაწარმის, ასევე, ფუფუნების საგნების იმპორტს.

ამასთან შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, შვეიცარიის მიერ მიღებული ზომები ასახავს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტს.

შვეიცარიის მიერ დაწესებული ახალი ზომები დღეს, ციურიხის დროით 18:00 საათზე შევა ძალაში და მოიცვას ქვანახშირის და სხვა პროდუქტების, როგორიცაა ალკოჰოლური სასმლის, იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას.

შვეიცარიის მთავრობამ ასევე დაუწესა ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დამატებით 200 ფიზიკურ პირს. შავ სიაში დამატებულ პირებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ორი ქალიშვილია.

შვეიცარიამ ასევე ევროკავშირის მსგავსი ზომები დააწესა ბელარუსის წინააღმდეგ.

ამასთან, ბლუმბერგი“ წერს, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო შვეიცარიამ არ მიიღო ევროკავშირის აკრძალვა რუსულ და ბელარუსულ სახმელეთო გადაზიდვებზე

თებერვალში შვეიცარიამ სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში რუსი მედია მენეჯერების ნაწილიც შეიყვანა. ბრიუსელის სანქციების მე-5 პაკეტში 217 ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი მოხვდა.

სანქციები დაუწესდათ კრემლის მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს, რომელთა შორის არიან მოშე კანტორი, ბორის როტენბერგი და ოლეგ დერიპასკა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესდათ ტელეკომპანია РТР-ის, გაზეთ Московский комсомолец-ის, სააგენტო ТАСС-ის, ტელეარხ “Санкт-Петербург”-ისა და ჟურნალ Национальная оборона“-ს ხელმძღვანელებსა და მფლობელებს.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეფასებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, მათ შორის ენერგორესურსებზე უარის თქმამ “მილიონობით ევროპელს დაარტყა”. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის არქტიკული ზონის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“დასავლეთის რიგი ქვეყნების უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსულ ენერგორესურსებზე, უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს და გამოიწვია ნამდვილი ენერგეტიკული კრიზისი,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მისი თქმით, ეს აისახება აშშ-ზეც.

ვლადიმირ პუტინის თქმით, სანქციებმა პრობლემების წინაშე დააყენა რუსეთიც, თუმცა ამან ქვეყნისთვის ახალი ალტერნატივა, ვარიანტები და შესაძლებლობების ახალი ფანჯარაც გახსნა. მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია გაზარდოს ენერგორესურსების მოხმარება და გადამუშავება შიდა ბაზარზე, რაც საშუალებას მისცემს ენერგორესურსები მსოფლიოს სხვა რეგიონებს მიაწოდოს.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განხორციელების პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესეს თითქმის ყველა სფეროში. რუსეთის ფედერაცია დატოვა ასეულობით საერთაშორისო კომპანიამ. სანქციების ქვეშ მოექცა რუსული ბანკები. შეზღუდვები დაუწესდა ასეულობით ფიზიკურ პირს.

უკრაინაში უკვე 48 დღეა ომია, რუსეთის აგრესიას უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 200-მდე ბავშვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button