ნიკა მელია კობახიძეზე: ვერ გაუგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმიანება ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელევიზიო ინტერვიუს, რომლის ერთი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე და საქართველოში მომხდარ ომთან დაკავშირებით საუბარს დაეთმო.
“კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში – უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი – საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!” – წერს მელია “ფეისბუკზე”.
14 სექტემბერს “რუსთავი 2”-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში ომი მოსახლეობას არ სურს და განმარტა, რატომ თქვა წინა დღეს, რომ ამ საკითხზე პლებისციტს ჩაატარებდნენ. ამ საკითხზე საუბრის დროს კობახიძემ თქვა:
“როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადსხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის…
როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს”.