ნიკა მელიას გირაო შეეფარდა – სასამართლომ მას აკრძალვები დაუწესა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა გუშინ თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა.
მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.
“ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“ – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.