მნიშვნელოვანისიახლეები

,,კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება,,-პრემიერი

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება.

წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას.

ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:

World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის” ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.

Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში” მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.

ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება”, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები.

„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა.

სამწუხაროა, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და კლეპტოკრატიაზე.

წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია როგორც 2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტში, ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებში.

ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები. უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება.

შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.

დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მან 2023 წლის თებერვალში დატოვა და სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები.

განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან.

გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმ კანდიდატებისა და პირებისათვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობებზე.

შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა ის არჩეულ იქნას პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით. ამ რეფორმების განხორციელება, საარჩევნო რეფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც, რაც ასევე გახდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასების საგანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის 2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა 99 პირის მიმართ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2023 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე.

„საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. ამ ბრძოლის წარმატებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფო ორგანოების რეპუტაცია და გამართული ფუნქციონირება.

კორუფციული დანაშაული მისი სპეციფიკიდან, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხიდან და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2023 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ.

2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 88 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 10 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს.

2023 წლის 9 თვეში სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 78 პირის მიმართ.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანად ჩატარება. 2023 წლის 9 თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში გადმოიგზავნა 9 ანგარიში, რომელთა საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 5 საქმეზე, ხოლო 4 ანგარიში თემატურად დაერთო მანამდე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს, 2023 წლის 9 თვეში პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი დანაშაულის ჩადენის მომენტში მუშაობდა საჯარო სექტორში“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button